საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის
ბრძანება N 02/1-089
ქ. თბილისი 11 მარტი, 2020 წელი
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულებით პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების განსაზღვრის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №57 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების" მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 20 იანვრის N02/1-081 ბრძანების, სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 20 თებერვლის N03/1–015 და 2020 წლის 10 მარტის N 03/1–017 სხდომის ოქმების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი 2020 წლის 11 მარტს სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
2. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 03 აპრილის 19:00 საათამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 04 მაისისა.
3. გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ა) პროფესორი, მენეჯმენტი-ბიზნესის მიმართულება, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
ბ) ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტი-ბიზნესის მიმართულება, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
დ) ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტი-ეკონომიკის მიმართულება, 1 (ერთი) საშტატო ერთეული.
4. პროფესორის თანამდებობაზე 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 8 (რვა) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 (ოთხი) წლის გამოცდილება.
6. კონკურსანტი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობით გამოხატავს თანხმობას, მისი აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში გააფორმოს უნივერსიტეტთან შეთანხმება აფილირების შესახებ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. აფილირებული აკადემიური პერსონალის სამუშაო ადგილად განისაზღვროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსი (მისამართი: ახალგაზრდობის გამზირი, შესახვევი 5/7 ქუთაისი, 4600, საქართველო).
7. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ერთი თვის დარიცხული თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს: 2020 წლის 01 სექტემბრამდე (აფილირების შეთანხმების გაფორმებამდე) 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო 2020 წლის 01 სექტემბრიდან (აფილირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ) 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარით.
8. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ერთი თვის დარიცხული თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს: 2020 წლის 01 სექტემბრამდე (აფილირების შეთანხმების გაფორმებამდე) 2812.5 (ორი ათას რვაას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით, ხოლო 2020 წლის 01 სექტემბრიდან (აფილირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ) 5625 (ხუთი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარით.
9. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა ელექტრონულ ფოსტაზე – info@kiu.edu.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საკონკურსო განცხადება, რომელსაც კონკურსანტი ხელს აწერს და აგზავნის დასკანირებული სახით jpg ან pdf ფორმატში (დანართი 1 – AC_FORM_001);
ბ) კონკურსანტის ანკეტა თავისი დანართებით pdf ფორმატში (დანართი 2 - AC_FORM_002);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი);
ე) საკონკურსო პოზიციით მოთხოვნილი შესაბამისი აკადემიური და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს საქმისწარმოების კოორდინატორი.
11. კონკურსანტი გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური ფორმით, საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის ნომრის მითითებით.
12. საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის არჩევისა და კონკურსის ჩატარების წესით, ხოლო კონკურსანტის შეფასებას ახორციელებს ამავე წესით დადგენილი კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი 3 – AC_FORM_003).
13. ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კოორდინატორს.
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
15. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6).
ალექსანდრე თევზაძე
აღმასრულებელი დირექტორი
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი