გიორგი ხუბუა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი


პროფესორი გიორგი ხუბუა გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის დირექტორად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, იყო ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის კოორდინატორი. 

პროფესორ ხუბუას მჭიდრო სამეცნიერო კავშირი აქვს გერმანიასთან. იყო მიწვეული პროფესორი იენას, ბამბერგის, მიუნხენის უნივერსიტეტებში. ეწეოდა კვლევით საქმიანობას ჰაიდელბერგის  საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი საჯარო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰანოვერის უნივერსიტეტში, ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია), გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (შპაიერი).

გიორგი ხუბუას სამეცნიერო ინტერესის სფეროა საჯარო ადმინისტრირება, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი მეთოდები.

მას ეკუთვნის 80-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის: სახელმძღვანელოები, სამეცნიერო მონოგრაფიები და კონსტიტუციის კომენტარები. ასევე, არის ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი და რედაქტორი.

გიორგი ხუბუა გახლავთ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი. ამ მიმართულებით, მისი საქმიანობა მოიცავს ევროპულ ანალიტიკურ ცენტრებთან და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობას.

პროფესორი გიორგი ხუბუა 2024 წლის 22 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად იქნა არჩეული.