2023 წლის ინოვაციების ბიზნეს ფორუმი

 

2023 წლის 23 და 24 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, “KIUInnovate” პლატფორმის ფარგლებში, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. მან მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.


რიგით მეორე ბიზნეს ფორუმის თემა იყო - “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები. ისაუბრეს, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.  ფორუმმა გააერთიანა მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ელჩები, ჩამოსული სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.


KIU-ს ეწვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.


საერთაშორისო ღონისძიება KIU-ს ორგანიზებითა და TUM International-ის პარტნიორობით განხორციელდა. ფორუმი დაფუძნებულია აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამის (UCBP) მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.kiu.edu.ge