KIU-ს სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფონდი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას.
პროექტის წარდგენა შეუძლიათ სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, სტუდენტების ჯგუფს, სტუდენტურ კლუბს ან ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებას. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის პროექტების დაფინანსებას.
სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები
კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრებები, ჰაკათონები, ფესტივალები, სტუდენტური კლუბები და სხვა აქტივობების მოწყობა საქართველოს ტერიტორიაზე.
სტუდენტური საგანმანათლებლო პროექტები
საქართველოს ფარგლებში სტუდენტური კვლევითი პროექტების, ვიქტორინების, კონფერენციების ორგანიზება და ოლიმპიადებისთვის მომზადება/ორგანიზება, პროფესიული განვითარების კურსების განვითარება/განხორციელება და ა.შ.
სტუდენტების ჯგუფის მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტები
KIU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც აქვს სტარტაპ იდეა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და სტუდენტების თანამშრომლობის კულტურის განვითარებას, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი.
კრიტერიუმები
• პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში მონაწილეობა უნდა შეეძლოს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს;
• პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების სამუშაო ენა უნდა იყოს ინგლისური ან ინგლისური და ქართული, გარდა უცხო ენების კლუბებისა;
• აქტივობა/ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სტუდენტების აკადემიური და პროფესიული უნარების ამაღლებას და განვითარებას;
• სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად მხოლოდ ორი პროექტის წარდგენაში, ხოლო პროექტის კოორდინატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ პროექტში.
პროექტის წარდგენის წესი
• საპროექტო განაცხადი, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია პროექტის საინიციატივო ჯგუფის შესახებ, პროექტის მიზანი, პროექტის აღწერა და დასაბუთება, პროექტის შესრულების გეგმა და გრაფიკი, მოსალოდნელი შედეგები, პროექტის ბიუჯეტი;
• პროექტის კოორდინატორისა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა რეზიუმეები;
• პროექტის წარდგენა შეიძლება როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე;
• საპროექტო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sgp@kiu.edu.ge
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა
ერთი პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 12,500 ლარს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით (20%). მისასალმებელია პროექტები, რომლებსაც ექნება თანადაფინანსების კომპონენტი და სადაც გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და სოციალური ინტეგრაციის თემები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ფონდის სახელმძღვანელო დოკუმენტის და ფორმების მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: sgp@kiu.edu.ge