მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო!

 

გილოცავთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სტუდენტობას!


დიდი მადლობა თქვენ იმ ნდობისათვის, რომელიც გამოუცხადეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს! უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ გავამართლოთ ეს ნდობა! გპირდებით, რომ ამ კამპუსზე გატარებული სტუდენტობის წლები იქნება წარმატებული, შინაარსიანი და სასიამოვნო!


მახარებს იმ ტრადიციის გაგრძელება, როდესაც საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ახალგაზრდები სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს ირჩევენ. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის!


საუნივერსიტეტო სივრცე განსაკუთრებული დინამიკურობით გამოირჩევა. უნივერსიტეტისთვის უცხოა წყნარი და მდორე ცხოვრება, რადგანაც ის არის განვითარებისა და პროგრესის ადგილი. იყავით ამ პროცესის აქტიური მონაწილე, ახალი იდეების ინსპირაციისა და თამამი გადაწყვეტილებების წყარო!


ცხოვრება სულ უფრო კომპლექსური ხდება.  არ არსებობს ამ რთული გამოწვევების დაძლევის მზა და მარტივი რეცეპტები. მთავარი კომპეტენცია, რაც  უნივერსიტეტში უნდა მივიღოთ, არის ის, რომ მომზადებული შევხვდეთ ამ ცვლილებებს.


უნივერსიტეტში უნდა ვისწავლოთ კითხვების დასმა, ცნობისმოყვარეობა, და არა კითხვებზე სწორი პასუხი. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებულ პროფესიულ კარიერას და კომპეტენტურობას განსაზღვრავს სწორედ შემოქმედებითი, ინოვაციური და არასტანდარტული აზროვნება.


ცოდნის სამყაროში თქვენი მოგზაურობა ახალ, უფრო საინტერესო ეტაპზე გადავიდა. ამ მოგზაურობისას იქნება ბევრი მიღწევა, სიხარული და გამოწვევაც.  ამ რთული, მაგრამ სასიამოვნო მოგზაურობისას უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება თქვენთან ერთად და თქვენს გვერდით!


 

გისურვებთ წარმატებას!

 


გიორგი ხუბუა


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი